სიახლეები

მთავარი > სიახლეები
02.05.2023

2 მაისი დაზღვევის დღეა

საქართველოს დაზღვევის დღესთან დაკავშირებით, თბილისში ღონისძიება გაიმართა. ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერითა და სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობით, საქართველოში უკვე მეორედ, 2 მაისს აღინიშნება დაზღვევის დღე. 1997 წლის 2 მაისს, ხელი მოეწერა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონს, სწორედ ეს დღე გახდა საიუბილეო თარიღი დაზღვევის დღის აღსანიშნად. წელს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ღონისძიება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ, სსიპ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა და სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის დაზღვევის მედიაციის ხელმძღვანელმა არჩილ ცერცვაძემ.  

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია - „Commentary on Georgian Insurance Law” „ქართული სადაზღვევო სამართლის კომენტარი“. დღესვე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დაზღვევის კვირეულისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

მომზადდა დაზღვევის შესახებ გავრცელებული რამდენიმე მითი და რეალობა შემეცნებითი მიზნებისთვის;

დაზღვევისადმი ცნობიერების ამაღლების კამპანიაში სექტორის აქტიური მონაწილეობის შედეგად, კამპანიას შეუერთდნენ ცნობილი სახეებირომელთა მონაწილეობითაც მომზადდა შემეცნებითი ვიდეო რგოლები;

სექტორის მიერ მომზადდა პოსტერები დაზღვევის თემაზე;

არდი დაზღვევას მიერ მომზადდა პირველი, ქართული, უფასო ციფრული ლექსიკონი.  ინტერაქციული ვებ ვერსია - „არდიპედია“ 1 მაისიდან არის ხელმისაწვდომი;

სადაზღვევო კომპანია ალდაგის მიერ მომზადდა სადაზღვევო ტერმინების ცოდნის შემოწმებასთან დაკავშირებით შემეცნებითი ტესტი;

მომზადდა ბროშურა - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების თაობაზე, რომელიც მარტივად აღწერს უკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლომდე ვის შეიძლება მიმართოს მომხმარებელმა.

სადაზღვევო სფეროს უკეთ გასაცნობად, სადაზღვევო ასოციაციის მხარდაჭერით მომზადდა შემეცნებითი კროსვორდი.