2 მაისი საქართველოში დაზღვევის დღეა
2 მაისს საქართველო დაზღვევის დღეს აღნიშნავს, ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ყოველწლიურად, დაზღვევის კვირეულს მართავს. კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის, შეხვედრები რეგიონებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სამსახურის თანამშრომლები ეწვევიან ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლას და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს.
კვირეულის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია სამსახურის და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების პირდაპირი ჩართვები საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმაზე - www.finedu.gov.ge და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე www.insurance.gov,ge ისეთ თემებზე, როგორიც არის ნებაყოფლობითი საპენსიო სისტემა, ავტოდაზღვევის დაფარვები და მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა და “ჯანმრთელობის დაზღვევის კონტრაქტი - მედლის ორი მხარე“.
დაზღვევის არსისა და მისი პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ყოველწლიურად, ატარებს პოსტერების კონკურსს, სახელწოდებით - „თუ მომავალი დაზღვეულია“.
კონკურუსის ერთ-ერთი მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge სადაც განთავსებულია დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ.
კონკურსი 11-27 აპრილის ფარგლებში ჩატარდა და გამარჯვებულები 2 მაისს, დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.
კვირეულის დასასრულს, დაზღვევის დღეს, სასტუმრო „პულმანში“ სპეციალური ღონისძიება გაიმართება, რომელსაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უმასპინძლებს. ღონისძიებას დაესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაზღვევო სექტორი, ასევე სტუმრები ეკონომიკური სფეროდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
1997 წლის 2 მაისს პირველად ხელი მოეწერა დაზღვევის შესახებ კანონს, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობითა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით, დაზღვევის დღე საქართველოში 2022 წლის 2 მაისს პირველად აღინიშნა.