შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის რეგიონს სტუმრობდნენ. 30 აპრილს მათ შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართეს. საგანმანათლებლო შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიც არის, აქტუარის როლი დაზღვევაში, ვინ არიან აქტუარები, აქტუარის პროფესიის ჩამოყალიბება, რა არის დაზღვევა, დაზღვევის ისტორია, დაზღვევის ტიპები, დაზღვევის ბაზრის მიმოხილვა, სადაზღვევო კომპანიები და მათი ორგანიზაციული სტრუქტურა, დაზღვევის ზედამხედველობა და კანონმდებლობა.
მათ ასევე, შეიტყვეს აქტუარების საერთაშორისო ასოციაციის და აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის და მათი წევრებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.
პრეზენტაცია ამ და სხვა აქტუალურ საკითებზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის აქტუარმა და აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის პრეზიდენტმა, ანა ხარატიშვილმა გამართა.
პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიება კითხვა პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რა დროსაც სტუდენტებმა ყველა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. შეხვედრას ასევე, ესწრებოდა მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, რამაზ ბოჭორიშვილი.
1997 წლის 2 მაისს ხელი მოეწერა “დაზღვევის შესახებ” პირველ კანონს, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობითა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით. დაზღვევის დღე საქართველოში 2022 წლის 2 მაისს პირველად აღინიშნა.