სიახლეები

მთავარი > სიახლეები
01.06.2021

Twinning-ის პროექტის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში დღეს, ჩრდილოეთ მაკედონიელ ექსპერტთან, დოქტორ კლიმე პოპოსკისთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტის ფარგლებში ჩატარდა. 

პროექტი ეხება საქართველოს სადაზღვევო სისტემის Solvency II სტანდარტებზე გადასვლას, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ესპანეთის სამეფოს ეკონომიკურ საქმეთა და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი „დაზღვევისა და საპენსიო ფონდების გენერალური დირექტორატი“. 

სამუშაო შეხვედრის მიზანს გადაზღვევის საქმიანობის ანალიზი წარმოადგენდა: გადაზღვევის ძირითადი ცნებების, გადაზღვევის ტიპების, გადაზღვევის საქმიანობის ბოლოდროინდელი ტენდენციების და მასთან კავშირში მყოფი საკითხების განხილვა, რაც ასევე Solvency II-ის შემადგენელი ნაწილია. ექსპერტმა სამსახურის თანამშრომლებს თავისი ქვეყნის გამოცდილებაც გააცნო და განმარტა მთავარი მოთხოვნები და საჭიროებები ახალი საზედამხედველო ჩარჩოს დანერგვისთვის. 

ვიზიტის ფარგლებში, 2 და 3 ივნისს დაგეგმილია ექსპერტის საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრები. 

დოქტორი კლიმე პოპოსკი 2019 წლამდე ზედამხედველობდა ჩრდილოეთ მაკედონიის სადაზღვევო ზედამხედველობის ანალოგიურ სამსახურს. აგრეთვე, აქვს დაზღვევის მიმართულებით აკადემიური გამოცდილება ჩრდილოეთ მაკედონიის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.