სიახლეები

მთავარი > სიახლეები
04.12.2021

ბაზრის ხუთ მარეგულირებელს შორის შეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა

კონკურენციის მხარდაჭერის და განვითარების მიზნით, ბაზრის ხუთ მარეგულირებელს შორის შეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თავმჯდომარესთან, დავით ონოფრიშვილთან ერთად, ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომუნიკაციების კომისიის წარმოდგენელმა, ვახტანგ აბაშიძემ.  

კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების,  კონკურენციის პოლიტიკის პოპულარიზაციისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირებულობის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ -  ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდეს კონკურენციის პოლიტიკის ყოველწლიური კონფერენცია, სადაც განხილული იქნება უწყებების მხრიდან წლის მანძილზე განხორციელებული საქმეები, გეგმები, მიღებული შედეგები და გამოწვევები. ასევე, თითოეულ უწყებას დაქვემდებარებულ სფეროსთან მიმართებაში - ზოგადი კონკურენტული გარემოს ანალიზი. 2021 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს - ღონისძიება ჩატარდეს ყოველი წლის დეკემბერში, კონკურენციის მსოფლიო დღის პარალელურად. 

2020 წელს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებების თანახმად,  კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის მიზნით, შეიქმნა ერთიანი საკანონმდებლო ბაზა. 

მსოფლიო კონკურენციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 3 დეკემბერს ღონისძიება გაიმართა, თემაზე: „კონკურენციის პოლიტიკა  ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკისთვის“.  ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ოთარ დანელია; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე; სემეკის თავმჯდომარე, თავით ნარმანია; დაზღვევის სახელმწიფო  ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, ვახტანგ აბაშიძე; საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების  მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი, იოლანტა ტაჩინსკა. 

ღონისძიებას დაესწრნენ: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, კოლეგა უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.