დავით ონოფრიშვილი აზერბაიჯანის დაზღვევის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და ლიცენზირებისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი ეთერ პაპიაშვილი მონაწილეობენ აზერბაიჯანის დაზღვევის საერთაშორისო ფორუმში Azerbaijan International Insurance Forum (AIIF 2026), რომელიც 24-25 ივნისს ბაქოში მიმდინარეობს.
ფორუმი აერთიანებს სადაზღვევო სექტორის, საზედამხედველო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, სადაც განიხილება სადაზღვევო ბაზრის განვითარების, გადაზღვევის, საპენსიო სისტემების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის, საბანკო დაზღვევისა (Bancassurance) და სადაზღვევო ბროკერობის თანამედროვე ტენდენციები. ცალკე სესია დაეთმო განათლების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს დაზღვევის სფეროში.
საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს საპენსიო სისტემებისადმი მიძღვნილი სესია, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი საერთაშორისო გამოცდილება და სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკული მიდგომები ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე საპენსიო რეფორმის შემდგომ განვითარებასა და საზედამხედველო პრაქტიკის კიდევ უფრო დახვეწას.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა გამართა შეხვედრა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ვუსალ გურბანოვთან და აზერბაიჯანის დაზღვევის ასოციაციის ხელმძღვანელთან აბას მისკარლისთან. ასევე გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა გამოცდილების გაზიარების, პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობები.
ფორუმს ასევე ესწრებიან საქართველოს სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაძლიერებას, გადაზღვევის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებასა და ქართული სადაზღვევო სექტორის ინტეგრაციას საერთაშორისო ბაზრებთან.
