სიახლეები

მთავარი > სიახლეები
14.03.2024

დავით ონოფრიშვილი მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობს

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის აღნიშვნა გრძელდება. 12 მარტს, . გურჯაანში, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მომხმარებლებს შეხვდნენ.

 

ღონისძიება გახსნა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში, გიორგი ალადაშვილი.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ექვსი მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელმა მონაწილეებთან ერთად, დეტალურად მიმოიხილა - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები. მათ შორის, თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართოს და რა ფორმით.

 

კვირეულის ფარგლებში, 14 მარტს შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძემ,  ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ,

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აკადემიური წრის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა სექტორის მომხმარებლები. 6 მარეგულირებელი უწყების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს მომხმარებელთა უფლებები და უფლებების დარღვევის შემთხვევაში უწყებების მიერ რეაგირების ბერკეტები.  


11-15 მარტს, საქართველოს მასშტაბით მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს.  კვირეულის ორგანიზატორები არიან დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტო.

 

15 მარტს, მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს, ღონისძიება ბათუმში გაიმართება. II საერთაშორისო კვირეულის მიზანია მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.