დავით ონოფრიშვილის ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი 15-16 ოქტომბერს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის (CEET) რეგიონის სემინარს, სახელწოდებით - „ხანგრძლივი სიცოცხლის რისკის მართვა: დაზღვევის როლი დაბერებად საზოგადოებაში“ დაესწრო. დავით ონოფრიშვილი ბრატისლავაში სლოვაკეთის ეროვნული ბანკის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა.
სამსახურის უფროსი IAIS-ის აღმასრულებელ კომიტეტში (ExCo) ამ რეგიონის წარმომადგენლად მეორე ვადით აირჩიეს, რაც საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო საზოგადოებაში წარმომადგენლობის გაძლიერებისა და ასოციაციის საქმიანობაში ქვეყნის აქტიური მონაწილეობის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის.
კონფერენციაზე განხილვის ძირითადი საკითხები იყო მოსახლეობის დაბერებითა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდით გამოწვეული გამოწვევები, საპენსიო სისტემების მდგრადობა და ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სადაზღვევო სექტორის როლი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სადაზღვევო ზედამხედველობის ორგანოების ფუნქციას ხანგრძლივი სიცოცხლის რისკების მართვის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს გრძელვადიანი მოვლის დაზღვევის, საპირისპირო იპოთეკისა და დამატებითი საპენსიო სქემების განვითარების საკითხებზე.
კონფერენციის ფარგლებში, საერთაშორისო და რეგიონული გამოცდილება წარმოადგინეს დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), დაზღვევისა და პროფესიული პენსიების ევროპული ორგანოს (EIOPA), საპენსიო ზედამხედველთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOPS) და სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა. დისკუსიები შეეხებოდა დემოგრაფიული ცვლილებების საპასუხოდ საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, სადაზღვევო პროდუქტების ხელმისაწვდომობასა და მოსახლეობის გრძელვადიანი ფინანსური დაცვის მექანიზმების განვითარებას.
კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შესაბამისი ბაზრების განვითარების გამოცდილება და საზედამხედველო პრაქტიკა, განიხილეს ემიგრაციის გავლენა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და დემოგრაფიული ცვლილებები, ხანგრძლივი მოვლის სადაზღვევო პროდუქტების განვითარების პერსპექტივები და მათზე მოთხოვნის ზრდის ხელშემწყობის პოლიტიკური მიდგომები.
დისკუსიების ფარგლებში, დავით ონოფრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს მოქმედი საპენსიო სისტემა, ისაუბრა საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, საქართველოში დაგროვებითი სავალდებულო საპენსიო და კერძო ნებაყოფლობითი საპენსიო სქემების განვითარების პერსპექტივებზე. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა სამსახურის საზედამხედველო როლზე კერძო საპენსიო სქემის განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში, პროფესიული რისკების შეფასებასა და სადაზღვევო ბაზრის მდგრადობის უზრუნველყოფაში.
სემინარის შემდგომ სამუშაო შეხვედრა გაიმართა სლოვენიის ზედამხედველობის უფროსთან გორაზდ ჩიბეისთან, უნგრეთის ეროვნული ბანკის დაზღვევის, საპენსიო ფონდების, ფინანსური საწარმოებისა და შუამავლების ზედამხედველობის დირექტორატის დირექტორთან კოპანი ნაგთან და სლოვაკეთის ეროვნული ბანკის ზედამხედველობისა და ფინანსური მომხმარებლის დაცვის დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორთან იულია ჩილიკოვასთან. შეხვედრაზე განიხილეს, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, სადაზღვევო სექტორის წინაშე მდგარი საერთო გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
ქვეყნების სადაზღვევო ზედამხედველობის ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და არსებული პოლიტიკისა და საზედამხედველო მიდგომების განხილვა, მოსახლეობის დაბერებით გამოწვეული რისკების ეფექტიან მართვასა და გრძელვადიანი ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.
