სიახლეები

მთავარი > სიახლეები
18.01.2024

დავით ონოფრიშვილმა 2023 წლის წინასწარი შედეგები შეაჯამა

2023 წელს სადაზღვევო კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 1 მლრდ ლარს გადააჭარბა - ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მედიის წარმომადგენლებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დავით ონოფრიშვილმა 2023 წლის წინასწარი შედეგები შეაჯამა. როგორც სამსახურის ხელმძღვანელმა პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, გასულ წელს გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება, აქტივები და კაპიტალი.

 

„ჩვენთვის ცნობილია 11 თვის ციფრები. მე-12 თვის პროგნოზი ჩვენით არის გაკეთებული და ალბათ, დიდად არ შეიცვლება, როცა ჩვენ საბოლოო მონაცემებს წარმოვადგენთ სავარაუდოდ, მარტის ბოლოს.

 

პირველად მოხდა, რომ საქართველოს სადაზღვევო კომპანიებმა შემოსავლებმა, ჯამურად 1 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2022 წელს იყო 910 მლნ ლარი, 2023 წელს ჩვენი საპროგნოზო მონაცემებით ეს იქნება 1 მლრდ 50 მლნ ლარი. ეს რეალურად გვიჩვენებს, რომ ბაზარი გაიზარდა, კომპანიების შემოსავლები გაიზარდა.

 

ასევე, გაიზარდა წმინდა მოგება, ესეც საპროგნოზო იქნება. 2022 წელს იყო 39 მლნ ლარი, 2023 წელს სავარაუდოდ, 70 მლნ ლარამდე იქნება წმინდა მოგება კომპანიების. სადაზღვევო მოგებაც ასევე, 2023 წელს სავარაუდოდ, 250 მლნ ლარი იქნება. ასევე, გარკვეულწილად გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების აქტივები და კაპიტალი,“ - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

 

 

-         2023 წლის საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს.

 

-         2023 წლის განმავლობაში მოზიდულმა პრემიამ შეადგინა 1,050 მლნ. ლარი, რაც 15%–ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. აღნიშნული განპირობებულია სამედიცინო დაზღვევის, ავტოდაზღვევისა და სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მოზიდული პრემიის მნიშვნელოვანი ზრდით. ანაზღაურებული ზარალები შეადგენს 630 მლნ. ლარს და გაზრდილია 27%–ით. ნეტო ანაზღაურებულმა ზარალმა შეადგინა 445 მლნ. ლარი, რაც 20%-ით მეტია წინა წლის მონაცემზე. კომპანიების  სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 250 მლნ. ლარი და გაზრდილია 19%–ით. წმინდა მოგება მიმდინარე წლის მონაცემებით შეადგენს 70 მლნ. ლარს და წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია 79%-ით. წმინდა მოგების მნიშვნელობანი ზრდა, განპირობებულია სადაზღვევო მოგების მნიშვნელოვანი ზრდით, საინვესტიციო საქმიანობიდან შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდით და უცხოური ვალუტის კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული შემოსავლების ზრდით.

 

-         31 დეკემბრის მდგომარეობით სადაზღვევო კომპანიების აქტივები შეადგენს  1 310 მლნ. ლარს, რაც 18%–ით მეტია წინა წლის ამავე თარიღის მონაცემთან შეადრებით, ხოლო კაპიტალი  გაზრდილია  11%–ით  და შეადგენს  380 მლნ. ლარს.