სიახლეები

მთავარი > სიახლეები
02.05.2022

დავით ონოფრიშვილმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოში დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღესვე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.

სამსახურისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ძირითად მიზანს ახალგაზრდა თაობაში დაზღვევის შესახებ ფინანსური განათლების ამაღლება წარმოადგენს. ემორანდუმის ფარგლებში, მომავალში, არაერთი აქტივობის განხორციელებაა დაგეგმილი. კერძოდ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში სტაჟირების გავლას შეძლებენ, რაც მათ პრაქტიკული გამოცდილების შეძენასა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. მათ საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ სამსახურის საქმიანობას და თავად გახდნენ ამ პროცესის მონაწილენი. სტუდენტები ასევე შეძლებენ გაეცნონ მსოფლიო სადაზღვევო სექტორის განვითარების ტენდენციებს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

საჯარო ლექციაზე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა დაზღვევის ისტორია საქართველოში, მისი ფუნქცია და როლი ჩვენს ცხოვრებაში, სადაზღვევო სექტორში არსებული გამოწვევები, ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სამსახურის კომპეტენციის ფარგლები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სამსახურის უფროსმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორების შეკითხვებს უპასუხა.