სიახლეები

მთავარი > სიახლეები
05.11.2021

დავით ონოფრიშვილმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) ორგანიზებით კაჭრეთში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სემინარი თემაზე - კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, მიღებული შედეგები და გამოწვევები, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიცირებით შედგა. 

ღონისძიება გახსნა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ასევე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა, სემეკის თავმჯდომარემ. დავით ნარმანიამ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ, AA Facility-ის პროექტის ხელმძღვანელმა, იოლანტა ტაჩინსკამ და სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ. 

2020 წელს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებების თანახმად, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის მიზნით, შეიქმნა ერთიანი საკანონმდებლო ბაზა. შესაბამისად, უწყებები კონკურენციის სამართლის ძირითად საკითხებზე ერთიანი პრინციპებით მოქმედებენ. 

სემინარი 4-5 ნოემბერს, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც შემდეგი საკითხები განიხილეს: კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ახალი სტრუქტურული მოწყობა, განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში - უწყების უფლებამოსილებები და პროცედურული ნორმები, კონკურენციის კანონის აღსრულება ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში, სასამართლოს როლი კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში, კონცენტრაციების კონტროლის პროცედურა, კონკურენციის სააგენტოს მიერ ანტიდემპინგური კანონმდებლობის აღსრულება და ა.შ.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მარეგულირებელი ორგანოების, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, იურიდიული, საკონსულტაციო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.