სიახლეები

მთავარი > სიახლეები
01.12.2023

დავით ონოფრიშვილმა ვენაში, ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ქვეყნების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი, ვიზიტით იმყოფებოდა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და სამსახურის სახელით მონაწილეობდა ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ქვეყნების კონფერენციაში, რომლის მთავარი თემა იყო სადაზღვევო ბაზრების მომავალი და მათი ზედამხედველობა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ავსტრიის საფინანსო ბაზრის საზედამხედველო უწყების (FMA) მმართველი დირექტორი დაზღვევისა და საპენსიო ზედამხედველობის მიმართულებით, პეტერ ბრაუმულერი და ევროპის სადაზღვევო და პროფესიული საპენსიო ზედამხედველობის უწყების (EIOPA) ხელმძღვანელი, პეტრა ჰიელკემა. ასევე, მოხსენებები გააკეთეს შესაბამისი რეგიონის დაზღვევის ზედამხედველი უწყებების წარმომადგენლებმა, რომლებმაც განიხილეს მაკროეკონომიკური რისკები და ფინანსური სტაბილურობის საკითხები, სადაზღვევო პროდუქტების მოთხოვნა-მიწოდების საკითხები კლიმატის ცვლილებების ჭრილში, ცენტრალურ, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონში არსებული ტენდენციები, დაზღვევის მომავალი და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და რისკები და თითოეულ თემაზე ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნის გამოცდილება.

აღსანიშნავია, რომ სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელ დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა თანამედროვე ტექნოლოგიების ზეგავლენას მომხმარებლის უფლებების დაცვაზე. მან ისაუბრა დაზღვევის სფეროში ციფრული პლატფორმების გამოყენების მნიშვნელობაზე და ამავე დროს იმ გამოწვევებზე, რაც მას თან ახლავს. აღნიშნა, რომ შესაძლო რისკების მინიმუმამდე დაყვანისა და მომხმარებელთა უფლებების უკეთ დაცვის უზრუნველსაყოფად, სამსახური ამ წლის ბოლომდე გეგმავს გამოსცეს ორი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც დადგინდება ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ მოთხოვნები და ასევე, მზღვეველის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი აუტსორსინგის მიმართ მოთხოვნები და მათი სამსახურთან შეთანხმების წესი.

ასევე განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული ისაუბრა დაზღვევის დისტრიბუციის დირექტივის (IDD) დანერგვის მნიშვნელობაზე და მომხმარებლის უფლებების უკეთ დაცვის უზრუნველსაყოფად, ფინანსური განათლების წახალისებისა და ხელშეწყობის აუცილებლობაზე; ამ მიმართულებით სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოების თაობაზე.