დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სადაზღვევო სექტორის სამუშაო შეხვედრა
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული საკითხების განხილვის მიზნით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი თბილისში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ირგვლივ სადაზღვევო სექტორისთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
სამუშაო შეხვედრას სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს უფროსები უძღვებოდნენ. მათ დეტალურად განიხილეს კანონიდან გამომდინარე სექტორისთვის არსებული გამოწვევები, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სექტორსა და სამსახურის წარმომადგენლებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა.
სამსახურმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა სადაზღვევო სექტორთან ერთად ჩაერთოს აქტუალური საკითხების გადაჭრის მიზნით განსახორციელებელ ქმედებებში.