სიახლეები

მთავარი > სიახლეები
08.04.2022

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტში

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. დავით ონოფრიშვილმა ირაკლი კოვზანაძეს სადაზღვევო სექტორის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში გააცნო. საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ სამსახურის უფროსის მოადგილეებიც - ირაკლი თუთარაშვილი და ეკატერინე წერეთელი.

როგორც შეხვერაზე აღინიშნა, პანდემიისა და ახალი გამოწვევების ფონზე სადაზღვევო ბაზარი სტაბილურია და განვითარების პერსპექტივა გააჩნია. საუბარი შეეხო ასევე სადაზღვევო ბაზრის განვითარების პერსპექტივას, რისთვისაც მეტი აქტიურობა და ინოვაციაა საჭირო. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, არსებული შოკების მიუხედავად, სადაზღვევო სექტორის მდგრადობა უნდა შენარჩუნდეს.

სადაზღვევო ბაზარზე დღეისათვის წარმოდგენილია 18 სადაზღვევო კომპანია, 325,7 მლნ ლარიანი კაპიტალით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 772,7 მლნ ლარი, 105.4 მლნ-ით მეტი ვიდრე 2020 წელს. აქედან მოზიდული პრემიის უდიდესი ნაწილი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის (305.5 მლნ ლარი) თითქმის 38 მლნ ლარით მეტი ვიდრე 2020 წელს, „თუმცა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, რაც ვფიქრობ უნდა გაიზარდოს. საჭიროა აქტიურობა, მეტი ახალი სადაზღვევო პროდუქტები და უფრო მაღალი კონკურენცია. რაც შეეხება სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს: 2021 წელი სადაზღვევო სექტორმა 41,6 მლნ წმინდა მოგებით დაასრულა, მაგრამ ეს მაჩვენებელი პანდემიურ 2020 წელთან შედარებით 6 მლნ-ით ნაკლებია, ამასთან, წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე კომპანიისთვის გასული წელი ზარალიანი აღმოჩნდა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, გაიმართება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, სადაც დეტალურად განიხილავენ სადაზღვევო სექტორის 2021 წლის საქმიანობის შედეგებს და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს სადაზღვევო ინდუსტრია დგას.