დმანისში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
2 მაისს საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება. დაზღვევის კვირეულის ფარგლებში, დმანისის მესამე და სოფელ განთიადის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან დაზღვევის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა მანონი ციხელაშვილმა პრეზენტაცია გამართა, რომელიც დაზღვევის მნიშვნელობასა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის დაზღვევა, რატომ არის ის მნიშვნელოვანი ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ იცავს ის ადამიანებს ფინანსური რისკებისგან.
ინტერაქტიული ფორმატის საუბარში ახალგაზრდებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა - დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და იმსჯელეს რეალურ მაგალითებზე. მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს დაზღვევის როლზე ფინანსური განათლების განვითარებაში. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარის ჩამოყალიბებას და მათ უკეთ ამზადებს მომავალში დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ინფორმაცია მათთვის სიახლეს წარმოადგენდა, რომელსაც მომავალაში პრაქტიკაში გამოიყენებენ.
ამგვარი საგანმანათლებლო აქტივობები მნიშვნელოვანია, რადგან სადაზღვევო საკითხების შესახებ ცოდნა ახალგაზრდებს ეხმარება უკეთ დაიცვან საკუთარი უფლებები და გააზრებულად დაგეგმონ მომავალი.
