სიახლეები

მთავარი > სიახლეები
28.06.2022

ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება’’ დახურვა

ევროკავშირის დაძმობილების პროექტმა ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება’’, რომლის პარტნიორები არიან საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და ,,ესპანეთის დაზღვევისა და საპენსიო ფონდების გენერალური დირექტორატი’’, ,,ესპანეთის ადმინისტრირებისა და სახელმწიფო პოლიტიკის საერთაშორისო და იბერო-ამერიკულ ფონდთან’’(FIIAPP) ერთად, გამართა პროექტის დახურვის ოფიციალური ღონისძიება. შეხვედრას დაესწრნენ სხვადასხვა უწყებებიდან მოწვეული სტუმრები. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გახსნითი სიტყვით მიმართა და მიმოიხილა პროექტის აქტივობები და შედეგები.

ესპანეთის დაზღვევისა და საპენსიო ფონდების გენერალურმა დირექტორატმა  აქტიური მონაწილეობა მიიღო ევროკავშირში დირექტივის ,,გადახდისუნარიანობა II’’-ის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ მას საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა პროექტში დაძმობილების პარტნიორობის კუთხით.

პროექტის დახურვის ცერემონიას უძღვებოდა ვიქტორ გარსია კალიე, პროექტის რეზიდენტი მრჩეველი, ხოლო სიტყვით გამოვიდნენ - ირაკლი კოვზანაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; სიგრიდ ბრეტელი, თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა; მარია ლუიზა ალვარეს ბარბი, წევრი სახელმწიფოს პროექტის ლიდერი, ესპანეთი;  ხორხე ლუცინი სერანო დე ჰარო, ესპანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საქართველოში; სონსოლეს მორისი, ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს განყოფილების დირექტორი, FIIAPP, ადმინისტრირებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის საერთაშორისო და იბერო-ამერიკული ფონდი (დაძმობილების პროგრამის ადმინისტრირებისა და ფინანსური მართვის ორგანო ესპანეთში) და სხვა მაღალი რანგის სტუმრები, რომლებმაც ისაუბრეს საქართველოში სადაზღვევო სექტორის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის მიზანია, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში დახმარება, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერებას, უზრუნველყოფს სადაზღვევო სექტორის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, სამსახურისადმი ანგარიშვალდებულების დახვეწას, სფეროს ფინანსურ უსაფრთხოებას და ევროკავშირის რეგულაციებით გათვალისწინებული გადახდისუნარიანობა 2-ის (SOLVENCY II) სტანდარტის დასანერგად სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებას.

პროექტი 2019 წლის ნოემბერში დაიწყო და ორი მთავარი კომპონენტისგან შედგება: ახალი საკანონმდებლო/სარეგულაციო ჩარჩოს შექმნა გადახდისუნარიანობა 2-ის სტანდარტის შესაბამისად და ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება, როგორც სამსახურის თანამშრომელთა ცოდნისა და გამოცდილების გაზრდით, ისე მზღვეველთა ცნობიერების ამაღლების გზით.

პროექტის დახმარებით გაძლიერდა საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობები ,,გადახდისუნარიანობა II’’-ის სტანდარტების სათანადოდ დანერგვის მიზნით. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა მოკლევადიან ექსპერტთა 50-ზე მეტი მისია და 3 სასწავლო ტური ესპანეთში. ევროკავშირის დაძმობილების პროექტი ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება’’ თითქმის 3 წელი მიმდინარეობდა.

დახურვის ცერემონიაზე, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელოვან მიღწევებს, რომელთა შორის აღსანიშნავია ,,გადახდისუნარიანობა II’’-ის სტანდარტების გაცნობა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება. თავის მხრივ, პროექტის ესპანელმა ლიდერმა დეტალურად მიმოიხილა პროექტის მიერ მიღწეული შედეგები.