სიახლეები

მთავარი > სიახლეები
24.01.2023

ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია

დღეს სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი დოკუმენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა და ფინანსური განათლების მიმართულებით გასული 7 წლიანი პერიოდი შეაჯამა. საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას საქართველოს დაზღვევის სახელმიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი და სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფინანსური სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ფინანსური განათლების მანამდე მოქმედი სტრატეგია, რომელიც 2016 წელს შემუშავდა, ძირითადად საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნებოდა. სტრატეგია ხაზს უსვამდა ფინანსური განათლების მნიშვნელობას, ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ ცოდნის ამაღლებას და მიზნად ისახავდა დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოებას. ახალი დოკუმენტი ქვეყანაში დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა და შესაბამისად, ფინანსური განათლების არსებულ გამოწვევებს უფრო მიზნობრივად პასუხობს.

ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით საქართველოს პროგრესსა და გასული წლების აქტივობებზე თავის მხრივ ისაუბრეს საერთაშორისო პარტნიორებმაც - გერმანიის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენელმა, ფლორიან მესიმ და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანჟელიკ ვან ჰაასტერენმა. მათ გამოსვლაში აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში განხორციელებული აქტივობების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, ფინანსური განათლება კი ყველა ქვეყნისათვის საერთო საზრუნავია და ამ მხრივ ევროპულ თანამეგობრობაში საქართველო ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორია.

ფინანსური განათლების ახალი ეროვნული სტრატეგია, ფინანსური განათლების გავრცელებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის ძირითადი სარეკომენდაციო დოკუმენტი იქნება. სტრატეგია პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ამოცანებს განსაზღვრავს და ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის უფრო პრაქტიკული ფორმატით თანამშრომლობას და ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ყველა სამიზნე ჯგუფის დაფარვის, მათზე მორგებული აქტივობების განხორციელებისა და ამ აქტივობების მდგრადობისა და განგრძობადობის უზრუნველყოფის გზით.