სიახლეები

მთავარი > სიახლეები
16.11.2023

კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია

16-18 ნოემბერს, ხუთი მარეგულირებელი უწყების - დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, II საერთაშორისო კონფერენცია  „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ იმართება.  ღონისძიების მიზანი საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა.


კონფერენცია გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე; კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, UNCTAD - ტერესა მორეირა; კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი, OECD - ორი შვარცი.

 

გახსნითი სესია სახელწოდებით - „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები სექტორულ ჭრილში - შედეგები, მიღწევები, გამოწვევები“, მარეგულერებელი უწყებების ხელმღვანელებმა წარადგინეს.

 

„მოხსენებაში წარმოდგენილი იყო სადაზღვევო სექტორის 2022 წლის შედეგები და ასევე, 3 კვარტლის რეზულტატები, რომელიც შედარებული გვქონდა შარშანდელი წლის 9 თვესთან. ბაზარი არის მზარდი, 3 თვე დარჩა და და უკვე პროგნოზირებადია, რომ 2023 წელს პირველად გადააჭარბებს სადაზღვევო პრემია, ანუ, სადაზღვევო კომპანიების შემოსავალი 1 მლრდ ლარს. მთლიანობაში სექტორი ვითარდება, თუმცა, არის მიმართულებები, რომელსაც განვითარება სჭირდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანოზაციებთან, რათა რიგი პროდუქტები დაფუძნდეს საქართველოს ბაზარზე“ - აღნიშნა მედიასთან საუბრისას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა.

 

მთავარი მომხსენებლის რანგში კონფერენციაზე მოწვეულია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკის გლობალური კონკურენციის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის კონკურენციის სამართლის ცენტრის დირექტორი, უილიამ ე. კოვაჩიჩი.   


კონფერენციაში  20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.  


კონფერენციაზე, სადაც 9 თემატური სესია გაიმართება,  50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი, ერთობლივ ფორმატში, კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე იმსჯელებს.