მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გორში შეხვედრა გაიმართა
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და სამსახურის წარმომადგენლები გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შედგა, რომლის ორგანიზატორებიც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, სემეკი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტო არიან.
დავით ონოფრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას დაზღვევის სფეროში მომხმარებლის ძირითადი უფლებებისა და ამ მიმართულებით არსებული სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამასთან, მან იმ მნიშვნელოვან პირობებს გაუსვა ხაზი, თუ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება დაზღვევის მომხმარებელმა სადაზღვევო პროდუქტის შეძენამდე.
პანელური დისკუსიის ფორმატში, სამსახურის წარმომადგენელმა კესარია აფხაზავამ ისაუბრა თემაზე - “როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლება, ვის მიმართოს და რა ფორმით”. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე სამსახურის წარმომადგენელმა ანა ჩაგარიძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - “სამედიცინო დაზღვევიდან გამომდინარე არსებული გამოწვევები”.
პრეზენტაციის ფარგლებში, ასევე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა მომხმარებლის უფლებები სამედიცინო დაზღვევის ჭრილში, ამ პროდუქტთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზები, განზოგადებული საკითხები და სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებები.
