სიახლეები

მთავარი > სიახლეები
17.03.2023

მომხმარებლის უფლებების დაცვის კვირეულის დახურვა

ბათუმში, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ბათუმის მერიის, მომხმარებლის უფლებების დამცველი ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კონფერენციაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

 

ღონისძიებაზე იმსჯელეს საქართველოში მომხმარებლის უფლებების და მათი აღსრულების მექანიზმების შესახებ, განიხილეს რეგიონებში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. უწყებების წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტები გააცნეს.

 

დღესვე გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, სამსახურების მუშაობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. მათ შორის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს უფროსმა მარიამ კოშორიძემ საკუთარ პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილა დაზღვევის სფეროს მომხმარებლების ძირითად უფლებებზე, მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოსა და ამ უფლებების დაცვისთვის სამსახურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.  

კვირეულის გამართვის მიზანს წარმოადგენდა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მომხმარებლის უფლებების დაცვის ხარისხის გაძლიერება საქართველოში.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1983 წლიდან აღინიშნება. საქართველოს საფინანსო სექტორი კი, ამ საერთაშორისო ტრადიციას პირველად 2021 წელს შეუერთდა.