ნებაყოფლობითი კერძო პენსიის განვითარებისა და დისტრიბუციის თაობაზე ონლაინ ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით, საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (International Finance Corporation, WBG) ციფრული ფინანსური სერვისების (DFS) პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, 8 და 21 ივლისს, ნებაყოფლობითი კერძო პენსიის (Pillar 3) განვითარებისა და დისტრიბუციის თაობაზე ჩატარდა 2 ონლაინ ტრენინგი.
აღსანიშნავია, რომ საკითხი პირდაპირ ეხმიანება 2023 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის“ შესახებ ახალი კანონის მიღებას თანმდევი ცვლილებების პაკეტით, რომელიც მომზადდა სამსახურის უშუალო მონაწილეობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ექსპერტებთან ერთად, ასევე საქართველოს 2023-2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, კერძო საპენსიო პროდუქტების განვითარების კუთხით.
სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზებით, ახლებური საკანონმდებლო რეგულირების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, კანონით რეგულირებული სუბიექტებისთვის (მზღვეველი, აქტივების მმართველი, საპენსიო კომპანია) ჩატარებულიყო ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეული ორი ექსპერტი: უილიამ ფრაისი - D3P Global-ის გენერალური დირექტორი და მარკ დევისი - მსოფლიო ბანკის ფინანსების, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების ფინანსური სექტორის უფროსი სპეციალისტი.
ტრენინგი, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოიცავდა წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას, პროდუქტის შემუშავებისა და გაყიდვების სტრატეგიებს; ასევე, ითვალისწინებდა გამოწვევებს ციფრული მიდგომების გათვალისწინებით.
ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოში ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიები, საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერები, აქტივების მმართველი კომპანიები და ასევე, შპს „საქაერონავიგაცია“, როგორც მოქმედი პროფესიული საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის და დაზღვევის კავშირის წარმომადგენლები, სამსახური, როგორც ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც სპეციალიზებული დეპოზიტარის და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.