სიახლეები

მთავარი > სიახლეები
13.10.2021

ონლაინ ტრენინგი მოქმედი მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისთვის

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ჩართულობით, მოქმედი მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისთვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა. პროექტი იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით განხორციელდა და მიზნად ისახავდა, საფინანსო სექტორის მარეგულირებელთა მიერ მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული ნორმატიული აქტებისა და პრინციპების გაცნობას. 

ორდღიან ონლაინ შეხვედრას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული დეპარტამენის უფროსი ნინო ნიავაძე და მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ კოშორიძე უძღვებოდნენ. სპეციალურად სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შემუშავებული სასწავლო მოდული ფოკუსირებული იყო სადაზღვევო სექტორის შესახებ და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შეფასების საკითხებზე. 

ტრენინგის ფარგლებში მოსამართლეები და მათ თანაშემწეები გაეცნენ იმ ძირითად პრინციპებს და მიდგომებს, რომელსაც ეფუძნება დაზღვევის კანონმდებლობა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მარეგულირებელი ჩარჩო, ასევე, მათი ხედვა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. აღინიშნა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა სადაზღვევო სექტორში ისეთი გარემოს შექმნას გულისხმობს, სადაც მომხმარებელი თავს გრძნობს დაცულად და მარეგულირებელი კანონმდებლობით უზრუნველყოფილია უფლებების სათანადოდ რეალიზება. 

საგულისხმოა, რომ მსგავსი ტრენინგები მნიშვნელოვანია მარეგულირებლებსა და სასამართლოს შორის სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, მათ შორის ხელს შეუწყობს სასამართლო პრაქტიკის გაზიარებას, რაც მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე ორიენტირებულ სამართალშემოქმედებით პროცესს უზრუნველყოფს.