სიახლეები

მთავარი > სიახლეები
09.08.2021

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

პარლამენტში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა საბჭოს წევრებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის ანგარიში და სამომავლო გეგმები გააცნო. სხდომაზე საუბარი შეეხო 2021 წლის 6 თვის შედეგებსაც, ასევე თუ რა გავლენა მოახდინა პანდემიამ სადაზღვევო ბაზარზე და რა გამოწვევების წინაშეა დღეს სექტორი.

საბჭოს სხდომა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გაიმართა, სადაც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, სადაზღვევო სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. 

როგორც ცნობილია, 2020 წელს მოზიდული სადაზღვევო პრემია, 2019 წელთან შედარებით, 42.3 მლნ ლარით გაიზარდა და 667,3 მლნ ლარი შეადგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე. 

იხილეთ ვიდეო ბმული: სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა