სიახლეები

მთავარი > სიახლეები
15.07.2022

პარლამენტში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

პარლამენტში, ირაკლი კოვზანაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის ანგარიში, 2022 წლის 5 თვის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო. სხდომაზე საუბარი შეეხო სადაზღვევო სექტორის გამოწვევებსაც.

 

„ჩვენ განვიხილეთ 2021 წლის ანგარიში, საბჭოს წევრებს დამატებით მივაწოდეთ ინფორმაცია 2022 წლის 5 თვის მიმდინარეობის შესახებ და ასევე, განვიხილეთ უკვე პრაქტიკულად დასრულებული TWINNING-ის, ანუ დაძმობილების პროექტი ესპანეთის სამეფოს ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, რომელიც ხორციელდებოდა ბოლო 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში.  დღეს ჩვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში ვიმსჯელეთ თუ როგორი იყო 2021, რომელიც 776 მლნ ლარი იყო ზოგადად, მთლიანი ერთობლივი პრემია, ანუ სადაზღვევო კომპანიების შემოსავალი, ზარალიც გაზრდილი იყო მთლიანობაში, რადგან 2021 პანდემიური წელი იყო და სადაზღვევო ბაზარი ცოტათი გაიზარდა, მაგრამ საერთო ჯამში იმავე დონეზეა, როგორ 2020 წელს.  მთლიანობაში სექტორი იზრდება, ჩვენ ვგემავთ მომავალში და ახალ სადაზღვევო პროდუქტებზე უკვე ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან,“ - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.  

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, რომელიც ამავდროულად დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, 31 მაისის მდგომარეობით 18 სადაზღვევო კომპანიის აქტივები 1 მილიარდ 126 მილიონი ლარია, რაც 8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო კაპიტალი გაზრდილია 12%-ით, რაც 319,1 მლნ. ლარს შეადგენს. „2022 წლის 5 თვის განმავლობაში ფინანსურმა მოზიდულმა პრემიამ შეადგინა 399,5 მლნ. ლარი, რაც 10%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. 19%-ით გაზრდილია ანაზღაურებული ზარალები და შეადგენს 186 მლნ ლარს. კომპანიების სადაზღვევო მოგება 77 მლნ 300 ათასი ლარია, ზრდა 14%-ია. ხოლო წმინდა მოგება 9 მლნ 400 ათასი ლარია“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და მოგების შემცირების მიზეზებიც განმარტა.

 

მისი თქმით, წმინდა მოგების შემცირება სადაზღვევო მოგების ზრდის ფონზე გამოწვეულია ადმინისტრაციული ხარჯების ზრდით.

 

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, სადაზღვევო სფეროში ჯანსაღი კორპორატიული მართვის თანამედროვე მეთოდების და ელემენტების დანერგვა, მათ შორის კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში. „სადაზღვევო სფეროს ზრდის კარგი პოტენციალი გააჩნია, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამ კუთხით ბევრია გასაკეთებელი, საჭიროა დამოუკიდებელი დირექტორის ინსტიტუტის შემოღება. ამ თვალსაზრისით უნდა გამოვიყენოთ TWINNING-ის პროგრამის შედეგები“, - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, ასევე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.