სიახლეები

მთავარი > სიახლეები
11.04.2024

“პირველად ისტორიაში მოზიდული პრემიის ზღვარმა მლრდ ლარს გადააჭარბა” - დავით ონოფრიშვილის შემაჯამებელი ბრიფინგი

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა 2023 წლის საბოლოო შედეგები შეაჯამა. გასულ წელს, სადაზღვევო კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 1 მლრდ 64 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 17%-ით მეტია. დავით ონოფრიშვილის განმარტებით, 2023 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ, პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან, 1 063.6 მლნ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 248.5 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ 73.5 მლნ ლარი შეადგინა.

 

„ყველაზე მთავარი ძირითადი პარამეტრი, რაც სადაზღვევო სფეროში გახლავთ, არის მოზიდული პრემია, ანუ, შემოსავლები. ჯამურად, ამან შეადგინა მილიარდ 64 მლნ ლარი. პირველად მოხდა ისტორიაში, რომ მოზიდული პრემიის ზღვარმა 1 მლრდ ლარს გადააჭარბა. შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 5 წელიწადში პრემია, თითქმის, გაორმაგდა. მაგალითად, 2018 წელს ეს იყო 542 მლნ ლარი. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ბაზარზე არიან, იზრდებიან. ბუნებრივია, მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე არათანაბრად, მაგრამ ფაქტია, რომ ზრდა აშკარაა. ამასთან, შემდგომი ზრდის უფრო დიდი პოტენციალი გააჩნია. სხვა პარამეტრები, რასაც ჩვენ გამოვყოფთ, არის აქტივების ზრდა, კაპიტალი, სადაზღვევო მოგება, წმინდა მოგება და ყველა ეს პარამეტრი არის გაზრდილი. საშუალოდ ვიტყვი ციფრს, რომ მოზიდული პრემია 17%-ით გაიზარდა. 17%-ით გაიზარდა აქტივები, 18%-ით გაიზარდა მოგება, ასევე გაიზარდა კაპიტალი. ასე რომ ყველა მიმართულება რეალურად დადებით რიცხვს გვიჩვენებს. შედეგიანობით უკეთესი წელია.

 

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ წინა სამი წელი პრაქტიკულად პანდემიის წელი იყო. 2023 იყო პირველი წელი, როცა ეკონომიკაც და სადაზღვევო ბაზარიც გამოცოცხლდა,“ -  განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.

 

ბრიფინგზე დავით ონოფრიშვილმა სამოგზაურო დაზღვევაზეც გამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შემდეგ, ვითარება საგრძნობლად შეიცვალა.

 

„როცა ეს ბაზარი გამოვიკვლიეთ აღმოჩნდა, რომ ბოლომდე ადეკვატური არ იყო შეთავაზებები, ამიტომ სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. ეს ცვლილებები 15 იანვრიდან ამოქმედდა და შედეგები უკვე გვაქვს. კომპანიებმა პოლისებში ეს ცვლილებები შეიტანეს. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ სამ თვეში, რეალიზება მოხდა და პოლისების 99% ახალი მოთხოვნებით იყიდება,“ - განმარტა დავით ონოფრიშვილმა.

 

2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.