სიახლეები

მთავარი > სიახლეები
13.11.2025

საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენცია იმართება. საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს 20-მდე ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ასევე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების (World Bank, UNCTAD, OECD, ICN, ICPEN, Consumers International) წარმომადგენლები სტრუმრობენ.

ყოველწლიური კონფერენციის მიზანია, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ გაფართოებული მსჯელობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის საფუძველზე.

ღონისძიებას გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ და UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის ხელმძღვანელმა ტერესა მორეირამ.

გახსნით სესიაში მონაწილეობა მიიღეს: დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ეკატერინე წერეთელმა, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ; ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ.

მთავარი მომხსენებლის რანგში, მონაწილეების წინაშე წარსდგნენ UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ტერესა მორეირა და OECD-ის სამომხმარებლო პოლიტიკის ქვედანაყოფის უფროსი ბრიჯიტ აკოკა.

კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, 10 პანელური დისკუსია, მათ შორის 3 - საერთაშორისო და ერთი სექტორული კვლევის პრეზენტაციაა დაგეგმილი, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეები შემდეგ ძირითად თემებზე იმსჯელებენ: კონკურენცია და მომხმარებლის დაცვა სექტორულ ჭრილში - შედეგები, მიღწევები და გამოწვევები; კონკურენციის დაცვის პოლიტიკა ეკონომიკის რეგულირებულ სექტორებში შესაძლებლობები და გამოწვევები; ბავშვებისა და მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის თანამედროვე პრაქტიკა ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები; მომხმარებლის დაცვა ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; კონცენტრაციების კონტროლი თანამედროვე გლობალური დღის წესრიგის კონტექსტში და სხვ.

მსჯელობებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, საჯარო უწყებების, აკადემიური წრეების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 350-მდე დელეგატი და 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერი. კონფერენციის ფარგლებში, რომელიც 13-15 ნოემბერს იმართება, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კოლეგა უწყებებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.