სიახლეები

მთავარი > სიახლეები
18.12.2021

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, სამსახურის უფროსის დავით ონოფრიშვილის ხელმძღვანელობით, ესპანეთის ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის საერთაშორისო და იბერიულ-ამერიკული ფონდის (FIIAPP) ოფიციალური მიწვევით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების („TWINNING” – CAPACITY BUILDING OF INSURANCE STATE SUPERVISION SERVICE OF GEORGIA”) პროექტის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში დავით ონოფრიშვილი, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა თავის ესპანელ კოლეგას, ეკონომიკისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს დაზღვევისა და საპენსიო ფონდების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს, სერხიო ალვარეს კამინას. შეხვედრაზე განიხილეს პროექტის მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ესპანეთის აგროდაზღვევის მოდელს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულს მსოფლიოში. 

აღნიშნული პროექტი (TWINNING) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში მიმდინარეობს 2019 წლიდან და საქართველოს სადაზღვევო სისტემის გადახდისუნარიანობა 2-ის (SOLVENCY II) სტანდარტებზე გადასვლას ითვალისწინებს. მისი მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება სადაზღვევო სფეროში, ამავდროულად სადაზღვევო სექტორის ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და საიმედოობის გაუმჯობესება.

ვიზიტის ფარგლებში, სამსახურის უფროსი და წარმომადგენლები ასევე მიიწვიეს ეკონომიკისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სამსახურში (ICAC), სადაც შედგა შეხვედრა სამსახურის უფროსთან, სანტიაგო დურან დომინგესთან. მათი მხრიდან ჩატარდა პრეზენტაციები ესპანეთში მოქმედი აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ირგვლივ, მოხდა მოცემული ინსტიტუტის სტრუქტურის და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების გაცნობა, აზრთა გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე მსჯელობა დარგობრივ ჭრილში. 

ზოგადად, სამუშაო შეხვედრების ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში SOLVENCY II-ის დანერგვისთვის აუცილებელი მიდგომების და მოთხოვნების პრაქტიკაში გაცნობა და მათი სწორად იმპლემენტაციის საკითხი. კომპანიათა გადახდისუნარიანობის მიმართულებით პრაქტიკული სწავლებების ჩატარება და სისტემის სწორად დანერგვის მიდგომების განსაზღვრა.