სიახლეები

მთავარი > სიახლეები
01.02.2023

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში

2023 წლის 26 იანვარს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა და სამსახურის წარმომადგენლებმა, მონაწილეობა მიიღეს რომის საპიენცას უნივერსიტეტში (Sapienza University of Rome) გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე - „ქართული სადაზღვევო სამართლის კომენტარი, როგორც კანონმდებლობის უნიფიცირების მხარდაჭერა“.

კონფერენციაზე, აუდიტორიას წარედგინა ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიის უნივერსიტეტის (The University of Campania “Luigi Vanvitelli”) პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინსტიტუციური თანამშრომლობითა და თანაორგანიზებით გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნის “Commentary on Georgian Insurance Law” ახალგამოცემული კომენტარი.

წიგნი დაიბეჭდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მხარდაჭერით და წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 თავში მოთავსებული დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმების მუხლობრივ და შედარებით სამართლებრივ კომენტარს.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს რომის საპიენცას უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის დირექტორმა ლუიზა ავიტაბილემ, იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებელმა პროფესორმა ლაურა მოსკატიმ, იურიდიული ფაკულტეტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრის კერძო სამართლის სრულმა პროფესორმა ლუკა დი დონამ, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ირმა ხარშილაძემ, ამავე ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა და კომენტარის თანაავტორმა, დოქტორმა გიორგი ამირანაშვილმა, პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ორგანიზაციის, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა და ამავე სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ნიავაძემ.

ღონისძიებაზე თემატური მოხსენებები წარმოადგინეს კომენტარის მთავარმა რედაქტორმა და თანაავტორმა, პროფესორმა ანდრეა ბორონმა, ასევე, კომენტარის თანაავტორებმა, პროფესორებმა ანდრეა რუსომ, პაოლო ტორტორანომ და იგნასიო კასტელუჩიმ.

ვიზიტის ფარგლებში, 2023 წლის 27 იანვარს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა ასევე წიგნის პრეზენტაცია კომენტარის თანაავტორების მიერ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მასპინძელი და პარტნიორი დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. მიღებაზე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიაში, კონსტანტინე სურგულაძემ და პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციის, საქართველოს  დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.