სიახლეები

მთავარი > სიახლეები
04.11.2022

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს მსოფლიო ბანკის ექსპერტთა მისია ეწვია

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მსოფლიო ბანკის „ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტი“ ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სექტორის განვითარების მისიით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სამუშაო ვიზიტით მსოფლიო ბანკის ექსპერტები ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში, 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურ რეჟიმში ტარდებოდა შეხვედრები სამსახურის უფროსთან დავით ონოფრიშვილთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა სექტორის განვითარების მიმართულებით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტების დანერგვა-განვითარების პერსპექტივები, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, გრძელვადიანი სიცოცხლის დაზღვევის განვითარების მიმართულებით გადასადგმელი აუცილებელი ღონისძიებები და გასატარებელი საკანონმდებლო ცვლილებები, სამედიცინო შეცდომით გამოწვეული პასუხისმგებლობის დაზღვევა, მშენებელთა და არქიტექტორთა პასუხისმგებლობის დაზღვევა.

შეხვედრები, ასევე, დაეთმო გადახდისუნარიანობა 2-ის (SOLVENCY II) დანერგვის მიმართულებით არსებულ პრაქტიკას და აქტუარის პროფესიის განვითარებისთვის საფუძვლების შექმნის საკითხებს, მათ შორის შესაბამისი განათლების მისაღებად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებს.

მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის წარმომადგენლებს გაუზიარეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, არსებული გამოწვევების დასაძლევად შესაბამისი დასკვნები, რეკომენდაციები და პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.

მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების აუცილებლობას, მისი დამოუკიდებლობის (მათ შორის ფინანსური) ხარისხის გაზრდის და დაზღვევის ზედამხედველობის საერთაშორისო ასოციაციის ძირითად პრინციპებთან სამსახურის სარეგულაციო ფუნქციების სრულ თანხვედრაში მოყვანას.