სიახლეები

მთავარი > სიახლეები
21.05.2021

საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია

20 მაისს გაიმართა საქართველოს ბაზარზე ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია.  ღონისძიება ჩატარდა საერთაშორისო სადაზღვევო მედია სააგენტოს (Promoting the Reinsurance & Insurance Market by Media (XPRIMM) ეგიდით, რომელიც სპეციალიზირებულია დაზღვევა/გადაზღვევის, დაზღვევის საშუამავლო საქმიანობის და კერძო საპენსიო დაზღვევის საკითხებზე. ყოველწლიური, რიგით მესამე კონფერენცია წარიმართა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ესპანეთის ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის საერთაშორისო და იბერიულ-ამერიკული ფონდის (FIIAPP) და საქართველოს სადაზღვევო ბაზრის მხარდაჭერით. 

კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, ღონისძიება ციფრულ ფორმატში ჩატარდა და მას საქართველოს სადაზღვევო ბაზრის წარმომადგენლების გარდა, მსოფლიოს მასშტაბით სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ. კონფერენცია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა გახსნა. 

კონფერენციის მთავარი თემა იყო საერთაშორისო და საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 2020 წლის ტენდენციების ანალიზი, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ზრდის შესაძლებლობები, სამედიცინო დაზღვევის გამოწვევები,  ასევე დაზღვევის რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის თემები, ფინანსური ბაზრების ახალი ტექნოლოგიების გავლენისთვის მოსამზადებელი სამუშაოები და სხვა. 

სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 2020 წლის ძირითადი მიმართულებების  შედეგები და  გაანალიზა ბაზრზე არსებული ტენდენციები. ასევე ისაუბრა  Covid 19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების  დაძლევისათვის  სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე. ასევე დიჯიტალიზაციის პროცესის გააქტიურებაზე და მომხმარებელთა დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.

საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია სადაზღვევო ბაზრისთვის ყველაზე მაღალი დონის პლატფორმაა და ეფექტური საშუალება ბიზნესთან დაკავშირებული შეხედულებების გასაცვლელად, ადგილობრივი და უცხოური სადაზღვევო კომპანიების, ბროკერების, IT პროვაიდერების, საჯარო სექტორის, ფინანსური ინსტიტუციებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრთა გაზიარებისთვის. აღნიშნული ხელს შეუწყობს სადაზღვევო სექტორის სამომავლო მდგრად განვითარებას და ამით მისი როლის გაზრდას ადგილობრივი ეკონომიკისთვის.

კონფერენციის მასალების გაცნობისათვის გადადით ბმულზე:XPRIMM YouTube channel