სიახლეები

მთავარი > სიახლეები
18.11.2022

საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ გაიმართა

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ თბილისში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ორდღიან კონფერენციაზე - „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“, რომელიც ქვეყნის 5 მარეგულირებელი უწყების - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ იმსჯელეს. კონფერენციაში სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, მეგობარი ქვეყნების, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების და დარგის სპეციალისტების გარდა, 20 ქვეყნის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ტერესა მორეირამ და სხვა მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა. დავით ონოფრიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის  მიერ გაწეულ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულება. ამ მხრივ შევიტანეთ არაერთი ცვლილება შესაბამის მარეგულირებელ აქტებში, რომლებიც გვაახლოებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებთან. მოგეხსენებათ, ფინანსური განათლების ხელშეწყობა საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი მექანიზმი. სწორედ ამიტომ, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის აღსრულებაში ჩართულობის დამატებით, უშუალოდ დაზღვევის სფეროში ფინანსური განათლების ხელშეწყობის და სადაზღვევო საკითხების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, სამსახურს დაემატა შესაბამისი ფუნქცია. სამსახური, გარდა მზღვეველების საქმიანობის პირდაპირი მონიტორინგისა, ასევე განიხილავს მომხმარებელთა განცხადებებს, მზღვეველების მხრიდან საზედამხედევლო ნორმების შესაძლო დარღვევის ფაქტებთან მიმართებით. ჩვენი სამსახური ყველაფერს აკეთებს მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მათთვის სამართლიანი გარემოს შექმნისთვის“ - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა. 

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ გამართულ კონფერენციაზე პარალელური თემატური სესიებიც გაიმართა, სადაც კონკურენციის პოლიტიკასა და მდგრად განვითარებაზე; რეგულირებულ ბაზრებზე კონკურენციის პოლიტიკის და უწყებათაშორის თანამშრომლობაზე; მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივ გარანტიებსა და აღსრულების პროცესის თავისებურებებზე; აღსრულების ირიბ მექანიზმებზე; მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს და ევროპის პრაქტიკულ გამოცდილებაზე იმსჯელეს.