სამუშაო შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნინო ნიავაძემ და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა გახსნეს.
სამუშაო შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. სამსახურის მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს წარმომადგენელმა კესარია აფხაზავამ ისაუბრა სამსახურის ფუნქციებზე, ზედამხედველობის მანდატსა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმებზე. კერძოდ, რა უფლებები აქვს მომხმარებელს სადაზღვევო ორგანიზაციასთან ურთიერთობის თითოეულ ეტაპზე, რომელ მნიშვნელოვან საკითხებს უნდა მიაქციოს ყურადღება ხელშეკრულების დადებამდე და მისი ამოქმედების შემდეგ. ასევე, დარღვევის შემთხვევაში, რა სამართლებრივი ბერკეტები გააჩნია საკუთარი უფლებების დასაცავად.
ახმეტაში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს აგროდაზღვევის პროდუქტში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზეც.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ეფექტიანი კომუნიკაციის გაძლიერება, სადაზღვევო ურთიერთობებში მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
