შეხვედრა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები 18 თებერვალს, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ. მოსწავლეებთან და ადმინისტრაციასთან შეხვედრა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შედგა.
შეხვედრაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის აქტუარმა და აქტუარების და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის პრეზიდენტმა, ანა ხარატიშვილმა დაზღვევის ისტორიასა და მის არსზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა დაზღვევის მნიშვნელობაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში დაზღვევის როლსა და უპირატესობაზე.
მოსწავლეებმა ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: დაზღვევის იდეა, აქტუარის პროფესიის ჩამოყალიბება, ვინ არიან აქტუარები, რატომ უნდა აირჩიონ აქტუარის პროფესია. მათ ასევე, შეიტყვეს აქტუარების საერთაშორისო ასოციაციის და აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის და მათი წევრების საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებსა და მის უფლებამოსილებებზე. მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები. შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერების ამაღლებას.
